ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი უერთდება

  • დღეს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დაისვა შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორებმა, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურები გადასცეს.

16 დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია პრევენციული ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით.