ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლების და საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში 150, ხოლო ნაფიჩხოვოში 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ხაბუმეში, ჯუმითის უბანში აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 792 477 ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 161, ხოლო სიგანე 9,50 მეტრი იქნება. ხიდი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლოს შევა.

სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2 570 000 ლარს შეადგენს.