- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
მუხურის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვა-გამრავლების თვალსაზრისით.
„მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა იმ დარგის განვითარებას, რომელსაც რეალური პოტენციალი აქვს და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ქართული ფუტკარი უნიკალურია, მსოფლიოში აღიარებული და მისი დაცვა და გამრავლება აუცილებელი საქმეა. სწორედ ამიტომ არის მუხურის ბაზა განსაკუთრებული მნიშვნელობის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ბაზაზე შეხვედრა გაიმართა მეფუტკრე ფერმერებთან. განხილვის მთავარი თემა იყო დარგში არსებული გამოწვევები, მათ შორის ფუტკრის დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის აუცილებელი პირობაა ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის გაზიარება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს