- შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, მესტიისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული გ.დ. და 1947 წელს დაბადებული ა.ძ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი, 164 ვაზნა, რევოლვერი, პისტოლეტი, ერთლულიანი შაშხანა, კაფსულ-დეტონატორები და ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. “-ნათქვამია შსს ინფორმაციაში.

