სოფიო გოგოხიას ტკბილი ტვირთი

  • “ჩხოროწყუელების” პირველი სტუმარი, სსიპ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხიაა. დიახ, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 5 ფინალისტიდან ერთ-ერთი, ჩვენი თანამემამულე, ჩხოროწყუელი. სოფო ამბობს, რომ არის მეუღლე და სამი შვილის დედა და საქმე, რომელსაც სიყვარულით აკეთებს მისი ოჯახური ცხოვრების გაგრძელებაა. “სკოლაც სახლია. მასწავლებლის ცხოვრება ტკბილი ტვირთია”.

– … მიყვარს ჩემი პროფესია და მინდა, ჩემს სკოლას, მალე, საკუთარი შენობა ჰქონდეს. მიყვარს მუსიკა, კინო. მინდა არაოკუპირებულ, ძლიერ ქვეყანაში ვიცხოვრო”.

– გზა წლის საუკეთესო პედაგოგობამდე.

– გიყვარს შენი საქმე, ცდილობ, შრომობ და წარმატების დროც დგება. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება და ჯილდო არაა, ეს სკოლის, ერთიანი გუნდის, მათ მიერ განვლილი გზის დამსახურებაა და მადლობელი ვარ ამის გამო.

– რატომ ქართული ენა და ლიტერატურა?

– ბავშვობიდან მიყვარდა ლიტერატურაც და მასწავლებლობაც.

თემა, რომელიც ისე დაწერეთ, რომ ყოველთვის გახსოვთ…

– ალბათ თხზულებას გულისხმობთ… ჩემი ქართულის მასწავლებელთან, ქალბატონ ასმათ კვარაცხელიასთან დაწერილი ყველა დავალება ზეიმი და ბედნიერება იყო. განსაკუთრებულად კარგად მახსენდება რიტმული პროზით შესრულებული დავალებები.

– დისტანციური სწავლა არის თუ არა საუკუნის გამოწვევა პედაგოგებისთვის?

– იყო ისედაც და პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა.

– როგორ ეხმარებით, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არა აქვს ონლაინ მოწყობილობა?

– ვცდილობთ, არასამთავრობო სექტორის საშუალებით მოვიძიოთ, ვითხოვოთ, ავაწყოთ, შევაკეთოთ.

– რას ნიშნავს იყო საუკეთესო მასწავლებელი, რა ვალდებულებაა?

-ეს იმის შეხსენებაა, რომ არ მოდუნდე, მეტი გააკეთო, ხელი შეუწყო სხვებს, ეცადო, იყო უკეთესი და მეტს გაუჩინო მასწავლებლობის სურვილი.

– რომელი სჯობს, ახალგაზრდამ მათემატიკა არ იცოდეს, თუ… „ვეფხისტყაოსანი“?

– ორივე უნდა იცოდეს.

– ხომ არ გაქვთ წარმატების თქვენეული ფორმულა?

– უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს, რისთვისაც ხარ მოწოდებული, რაც გაბედნიერებს – ერთადერთი ფორმულა, რაც მაქვს და რასაც ბავშვებსაც ვუზაირებ, ესაა.

– ოჯახი და მასწავლებლის ცხოვრება…

– არაა ადვილი სკოლა და სამი შვილი ერთად. ოჯახის მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდი. შვილებიც სკოლაში არიან, ისიც ოჯახის გაგრძელებაა. ხშირად ისე ხდება, რომ “ის ოჯახი”, მეტ დროს, ყურადღებას და ენერგიას ითხოვს. სკოლაც სახლია. მასწავლებლის ცხოვრება ტკბილი ტვირთია.

– რას შეცვლიდით დღევანდელ განათლების სისტემაში?

– რომ შემეძლოს, ყველა სკოლა იქნებოდა საუკეთესოდ აღჭურვილი, გამართული ინფრასქტრუქტურით, კვებით, საცხოვრებელი კამპუსებით, საჯინიბოებით და დიდი ლამაზი ეზოებით, რომელშიც ბევრი ყვავილი და საკურა იქნება, მხოლოდ პროფესიონალი და ბავშვების მოყვარული მასწავლებლებით, გაცვლითი პროგრამებით, ექსკურსიებითა და ლაშქრობებით, საკუთარი თეატრალური და კინოსტუდიით, კინოდარბაზით, უზარმაზარი სამკითხველოთი და ა.შ.

– როგორია,თქვენი თავისუფალი დრო?

– თავისუფალი დრო არ არსებობს, თუ არ გამონახავ მას და არ აჩუქებ საკუთარ თავს. როცა ამას ვახერხებ, ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკის მოსმენა, კითხვა, წერა და კინოს ყურება.

– ვისთან ინტერვიუს წაიკითხავდით სიამოვნებით “ჩხოროწყუელებში”?

– ვისურვებდი, რომ „ჩხოროწყუელებში“ წამეკითხა ინტერვიუები ადამიანებთან, რომლებიც დილით ადრე ასუფთავებენ ქუჩებს, გააქვთ ნაგავი, ხელოსნებთან, რომლებიც დაზიანებულ ელექტროსადენებს აკეთებენ, მუშაობენ გაზსადენებსა და მშენებლობებზე, საინტერესო იქნება ინტერვიუ სასწრაფო დახმარების პერსონალთან, მძღოლთან, მედდებთან, ექიმებთან. მასწავლებლებთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და ამის გაზიარება სურთ… მოსწავლეებთან, რომლებსაც რაღაცის შეცვლა უნდათ, მარტოხელა პენსიონერებთან. ყველას ინტერვიუ საინტერესოა, ვისაც რაღაც აქვს სათქმელი.

– გმადლობთ, წარმატებებს გისურვებთ…

– თქვენც წარმატებები ახალ საქმეში.

საუბარი ჩაიწერა ანა ჯალაღონიამ

ფოტო: ინტერნეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *