ჯემალ მალანია-მხატვარი მოზაიკოსი

  • მხატვარ-მოზაიკოსი ჯემალ მალანია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ცხოვრობს. დიდ დროს ერთ მოძველებულ, ცივ სახელოსნოში ატარებს და ფერადი ქვების მინებისგან თუ მისი მტვრისგან ქმნის ულამაზეს ნახატებს. მისი სახლიც გამოირჩევა ზუგდიდი–ჩხოროწყუს გზაზე არსებული სხვა სახლებისგან. პატრონის ნიჭიერი ხელწერა ზედ ეტყობა მის ეზო–კარს.

ჯემალ მალანია: “სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე მოსე თოიძის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, კერამიკის ფაკულტეტზე, რომელიც  წითელ დიპლომზე დავამთავრე. მუშაობაც თბილისში გავაგრძელე,–სამხატვრო კომბინატში, მხატვარ შემსრულებლად. თუმცა, სოფელში, მოხუცი მშობლები მელოდებოდნენ და აქეთ წამოვედი, აქ სოფელში გავაგრძელე ჩემი საქმე მეუღლესთან, თამარ ქოჩქიანთან ერთად.

ჩემი ნამუშევრები იქმნება ფერადი მინის ქვებისგან და მისი მტვრისგან. ჯერ ქაღალდზე ვაკეთებ პატარა ესკიზს, ფერებს ჩავსვამ და შემდეგ გადამაქვს მუყაოზე. კონტურებს ვაწებებ, ვყრი ფერადი მინის ნამცეცებს და მტვერს, ამ ყველაფერს დიდი სიფრთხილე და ყურადღება სჭირდება. ერთი არასწორი სვლა და ყველაფერი გაფუჭდება. ვხატავ ფერწერულ ნამუშევრებს, პეიზაჟებს, ხატებს, პორტრეტებს, ყვავილებს თითქმის ყველაფერს…”
ამბობს, რომ გასაყიდად ვერც ერთ ნახატს ვერ ელევა, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, რამდენიმე ნახატი მაინც გაყიდა. ჰქონია შემთხვევა, თავის ნამუშევრებს ვერ შელევია და ძროხა გაუყიდია. იმ თანხით კი, საჭირო მასალები შეუძენია. “მარტო ასი ლარი დავტოვე ოჯახში, დანარჩენი ავიღე, წავედი თბილისში და სამუშაო მასალები შევიძინე, რომელიც არც თუ ისე იაფია.”
გამოფენა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ჰქონდა. ახლაც დიდი სურვილი აქვს თავისი ახალი ნამუშევრები გამოფინოს, ხელოვნებისმოყვარულებს უჩვენოს.

ჯემალ მალანია ამბობს, რომ მისი შემოქმედებით დაინტერესდა რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერც იქ ახერხებს გამგზავრებას.
ბატონი ჯემალის დიდი გულშემატკივარი გახლავთ მისი მეუღლე ქალბატონი თამარ ქოჩქიანი, პროფესიით პედაგოგი. თამარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში: სარაქონში და კირცხში მუშაობს ხატვის მასწავლებლად. სერთიფიცირებული პედაგოგია და თავისი მიღწევებით კმაყოფილია. უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს. დარდობს ბატონ ჯემალზე იმის გამო, რომ მხარდაჭერას არავინ უწევს. “იქნებ, გამოჩნდეს ვინმე სპონსორი, ვინც წიგნს, ან კატალოგს გამოსცემს მის შემოქმედებაზე. ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ  ჯემალმა, თავის სიცოცხლეშივე ნახოს მისი ნახატების წარმატება და დაფასება, რომელსაც მისი ცხოვრების ორმოცდახუთი წელი მიუძღვნა. ეს მისთვის დიდი ბედნიერება იქნება.”
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჯემალ მალანიამ, უნიკალური ნამუშევრები შექმნა და ეს საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ხშირად ნახევრადხუმრობით, იქნებ, ირონიზირებულადაც, ეუბნებიან თურმე,–სიკვდილის შემდეგ დაგაფასებენო… მხატვარი ამბობს, ამას იმდენჯერ მეუბნებიან, უკვე მეც მჯერა, ჩემი შემოქმედება სიკვდილის შემდეგ დაფასდება, ნამუშევრები კი, წარმატებით გაიყიდება და ჩემი შვილები და შვილიშვილები მაინც იხეირებენო.
ანა ჯალაღონია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *