ჩატარდა ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“

  • საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქორეოგრფიული სტუდია “კუჩხიბედინერის“ – ხელმძღვანელი: ზვიად გვასალია, ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკში, ლეგენდარული სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, სენაკის საპატიო მოქალაქის, შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების ტრადიციული ფესტივალ-კონკურსი “კუჩხიბედინერი – 2023“ ჩატარდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობა სენაკის, ფოთის, მარტვილის, ჩხოროწყუს, აბაშის, ქუთაისის, მარტყოფის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.

კონკურსის გრან- პრი გადაეცა მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულ ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჭყონდიდს”.

პირველი ადგილი მოიპოვა მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებულმა ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “კოლხიდა”.

მე-2 და მე-3 ადგილები გაინაწილეს ქალაქ ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,როკვა” და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რეზო ჭანიშვილის სახელობის ბავშვთა სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,მარდუქი”.

ქართული ხალხური ცეკვების ფესტივალ-კონკურსი ,,კუჩხიბედინერი 2023″, წელს, მერვედ გაიმართა და სიმბოლურად, ქართული ქორეოგრაფიის დღეს მიეძღვნა.