ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია მოადგილეებთან და მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატებები მიულოცეს.

ქალაქ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 7 სპორტსმენი და 2 მწვრთნელი მონაწილეობდა. ჩხოროწყუელმა სპორტსმენებმა საკუთარი შესაძლებლობები სპორტის სამ სახეობაში – მძლეოსნობაში, ტაეკვანდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს.

ფესტივალზე ჩხოროწყუელმა ახალგაზრდებმა არაერთი საპრიზო ადგილი და მედალი მოიპოვეს. მძლეოსნობის ორ დისციპლინაში, ესტაფეტაში, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ თიკო სიჭინავა და ნიკოლოზ ახალაია. 500 მეტრზე სირბილში ვერცხლის მედალი მოიპოვა თიკო სიჭინავამ, ხოლო ტაეკვანდოში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ხვიჩა სანაია.