ჩხოროწყუში მეგრულ ენაზე ინტელექტუალური თამაში “ემუორე მუორე” ჩატარდა

  • საქართველოს მასშტაბით, პირველად, ჩხოროწყუში, მეგრულ ენაზე ინტელექტუალური თამაში “ემუორე მუორე” ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ასოციაცია “აფუნის” დამფუძნებელი თეონა ახალაია გახლდათ.

თეონა ახალაია: “შევქმენი ა(ა)იპ ასოციაცია ,”აფუნი”, რომელიც მეგრულად გაზაფხულს ნიშნავს. რა მიზნებს ისახავს? – მხოლოდ გაქრობის პირას მდგომი ქართველური ენების (მეგრული, ლაზური, სვანური) გადარჩენას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. იგი თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკისგან. გვინდა, გავაქროთ იმის შიში და თავისუფლად განვაცხადოთ, რომ ქართველური ენების მიმართ არავითარი დევნა არ ხორციელდება და თუ ის იუნესკომ გაქრობის პირას მდგარი ენების სიაში შეიტანა, ეს მხოლოდ ჩვენი კუდაბზიკობის ბრალია.

ასოციაცია “აფუნმა” შეძლო მსოფლიოს მასშტაბით, პირველად მეგრულ ენაზე ინტელექტუალური, წამახალისებელი თამაშის “ემუორე მუორე”-ს ჩატარება. ვფიქრობ, წლევანდელი 29 ივნისი ისტორიაში ჩაიწერება. თამაში დაახლოებით რა? სად? როდის? სტილში იყო. მონაწილეობდა 19 გუნდი, გუნდები ეჯიბრებოდნენ ორ ასაკობრივ ჯგუფში: 14-17 წელი და 18 და ზევით. უმცროს ასაკში 11, უფროსში კი 8 გუნდი მონაწილეობდა.

პირველი ადგილები და მთავარი პრიზი – „აფუნიშ ატარი“ (თასი), ალიო ქობალიას წიგნი „ქართულ-მეგრული ლექსიკონი“, ნათია ფონიავას ,,ვისაუბროთ მეგრულად“ და რომან თოლორდავას სურათების ალბომი „საოცარი საქართველო სამეგრელო-ზემო სვანეთი“ დაისაკუთრა ჩხოროოწყუს სპორტული სკოლის გუნდმა “მალიმარები” (მებრძოლები) და ქალაქის მერიის გუნდმა ,,გურგინი”. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ სპეციალური მედლები და სხვა ფასიანი საჩუქრები. ყველა მონაწილე კი დასაჩუქრდა სამახსოვრო სიგელებით.

მინდა გითხრათ, რომ ღონისძიება, ერთ-ერთ ქართველურ ენაზე, კერძოდ, მეგრულად ჩატარების პირველი მცდელობა იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა. კითხვები იყო სვანურ და ლაზურ ენებზეც.

სახელის “ემუორე მუორე” ნათლია გახლავთ ბატონი ბიძინა ყალიჩავა, – ჩვენი შეუცვლელი წამყვანი, მისი შრომა ფასდაუდებელია ამ საქმეში. აღსანიშნავია, ისიც, რომ არა ასოციაციის წევრების: შოთა წურწუმიას, გიორგი ახალაიას, მელორ ცქვიტაიას, ლია ჯალაღონიას, რამინ ახალაიას და მეგობარი წევრების: ბიძინა ყალიჩავას და კოტე ნაჭყებიას თავდაუზოგავი შრომა და გვერდში დგომა, ეს ღონისძიება ასეთი დიდებული არ გამოვიდოდა.

მადლიერი ვარ ამ ადამიანების, მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩემი და ამიტომაც გამოგვივიდა. მჯერა, ასოციაცია ,,აფუნი” ბევრ სასიკეთო და ღირსეულ საქმეს განახორციელებს, რადგან ეს, ხალხი, ვინც გვერდით მყავს არიან სამაგალითონი, ღირსეული თავიანთი საქმით და ადამიანობით. ჩვენი ასოციაცია აპირებს, სვანებთან და ლაზებთან მჭიდრო თანამშრომლობას. დაგეგმილი გვაქვს ანალოგიური და სხვა სახის ღონისძიებები სამეგრელოსა და ქვეყნის სხვა კუთხეში ჩატარდეს, ხოლო გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრა კი, ყოველ ზაფხულს, ჩატარდეს ჩხოროწყუში, როგორც ინიციატორ მუნიციპალიტეტში.

ღონისძიებამ მაჩვენა ის, რომ მართლა სწორი გზა ავირჩიეთ და ეს ყველაფერი გვჭირდებოდა ყველას. დიდი ინტერესი მოჰყვა, ქუჩაში ბევრი მაჩერებს და მადლობას მეუბნება. ბავშვები მწერენ, რომ ბევრი უცხო სიტყვა გაიგეს და ისწავლეს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო და მიხარია რომ გამოგვივიდა”.