ბათუმის ახალგაზრდულ ფესტივალზე ჩხოროწყუდან 7 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

  • 2-6 ივნისს, ბათუმში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.ღონისძიებაში მონაწილეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 7 სპორტსმენი და 2 მწვრთნელი მიიღებს.

ჩხოროწყუელი სპორტსმენები სპორტის სამ სახეობაში: მძლეოსნობაში, ტაეკვანდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იასპარეზებენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მოადგილესთან და სასპორტო სკოლის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ახალგაზრდა ჩხოროწყუელ სპორტსმენებს შეხვდა და ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატები უსურვა. ოლიმპიადაში მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიამ შესაბამისი ფორმებით უზრუნველყო.

ფესტივალი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, სპორტის, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.