იუსტიციის მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

  • იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს.

კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია. კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200-მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კოვიდ ბარათი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ აიღო.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა. დღესვე, საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციონერთა ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს. ჩხოროწყუს მსგავსად, საზოგადოებრივი ცენტრები სამეგრელოს რეგიონში ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და ხობში ფუნქციონირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *