პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • საქართველოს პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ „ნაფიჩხოვოში“, არასრულწლოვანმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დანით მეორე არასრულწლოვანს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.