ძვალ-კალენდარი ჩხოროწყუს მუზეუმიდან

  • გთავაზობთ ნაწყვეტს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის ზაურ ჯალაღონიას წერილიდან “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“.
ზაურ ჯალაღონია

“ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსდა 1968 წელს, 1978 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც „კულტურის სამინისტროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, 2009 წლიდან კი არის ა.(ა).ი.პ.ი. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“. რაიონში მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და დაცვაზე XX-ე საუკუნის შუა ხანებიდან განსაკუთრებით ზრუნავდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგები. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორი ქეთევან სოხაძემ, გამოიკვლია ნაკიანის ქვევრსამარხში აღმოჩენილ ძვალზე შესრულებულ ორნამენტი. იგი წერს: “ჩხოროწყუს მუზეუმის ექსპონატი, რომელსაც ჩვენ პირობითად კალენდარი ვუწოდეთ, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისშია ნაპოვნი. თავის დროზე სამაროვანი, რომელშიც ის იყო, აღმოუჩენია სოფ. ნაკიანის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელს ქ-ნ ლიანა ახალაიას. მისი ინფორმაციით, არქეოლოგები სამაროვანში არსებული კოლხური ცულებით უფრო დაინტერესებულან და დღესაც ის არტეფაქტები ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში ინახება. დაახლოებით 2-2,5 სმ. სიგრძის ძვალი კი, რომელზეც შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ რაღაც პატარა ნაკაწრი ფიგურები ჩანს, ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის დაუტოვებიათ. არქეოლოგთა დათარიღებით, სამაროვანი ჩვ. წ. აღ-მდე VII-Vს.ს-ისაა.

2016 წლის აგვისტოში ჩხოროწყუს მუზეუმში ხელახალი სტუმრობისას, ჩვენი ყურადღება ამ პატარა ძვალმა მიიქცია. სხვათა შორის, ისიც კი არ არის გამოკვლეული, ეს ძვალი ცხოველისაა თუ ადამიანის. ხელოვნებათმცოდნე გიორგი გიგაურის ყურადღება მან იმით მიიპყრო, რომ საოცარი იყო ამ მცირე ზომის მონაკვეთზე შესრულებული ნახატები. დღემდე გაურკვეველია როგორი ხერხით, ტექნოლოგიითაა და რისი მეშვეობითაა შესრულებული. გადაღებულმა სურათმა კი უკეთ წარმოჩინა ამ არტეფაქტის ყველა ნიუანსი. ფაქტი ერთია, თვითონ ძვალმა ჩვენამდე დიდი დაზიანებებით მოაღწია. ამის ნათელი დადასტურებაა, რომ მას მეორე მხარე აკლია (ყველა ძვალი ხომ წრიული ან ოვალური ფორმისაა). ამავე დროს, აშკარად ეტყობა, რომ ის დამსხვრეულია, ანუ მხოლოდ ფრაგმენტთან გვაქვს საქმე. როგორც აღმოჩნდა, სამაროვანი ტრაქტორს დაუზიანებია. შემორჩენილი ფრაგმენტის მთელი სივრცე ვერტიკალური ორ-ორი პარალელური ხაზით 4 ნაწილადაა გაყოფილი და თითოეულ ნაწილს საკუთარი, განსაკუთრებული ნახატი თუ ორნამენტი „ამშვენებს“. პირველი და მეოთხე სივრცე ერთნაირია და „სამკუთხედისმაგვარი“ არშიითაა გაფორმებული, რომლის შიგნითაც ორივე მხრიდან პატარა კვადრატებია ჩახატული და საბოლოოდ ეს კვადრატები პირამიდებს ქმნიან. მსგავსი არშია ხშირად გვხვდება როგორც კოლხურ ცულებზე, ისე მტკვარ-არაქსის კულტურის არტეფაქტებზე და ზოგ მეცნიერს ის წყლის სიმბოლოდ მიაჩნია.

მეორე და მესამე სივრცე განსხვავებულია როგორც ზემოხსენებული ორისგან, ისე ერთმანეთისგან. კონკრეტულად: მეორე სივრცე დასერილია მარჯვნივ და მარცხნივ გარკვეული კუთხით დახრილი ურთიერთმკვეთი და პარალელური ხაზებით, რაც საბოლოო ჯამში, ისევ პატარა კვადრატებს ქმნის. მესამე სივრცეში მართკუთხედებია ჩასმული, რომლებიც კვადრატებადაა დაყოფილი და ცოცხალი კვადრატის შთაბეჭდილებას ტოვებს. მართკუთხედები ერთმანეთისაგან სიდიდით გამოირჩევიან და მათში კვადრატთა რაოდენობა 30 -ია, რის გამოც ამ არტეფაქტს კალენდარი ვუწოდეთ (ეგვიპტური მზის უძრავი კალენდრის მსგავსად, თვეთა 30 დღიანი ციკლებით). შემორჩენილი ნახატის მიხედვით, მეხუთე სივრცეც განსხვავებული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, დღეს ამ ფრაგმენტის საშუალებით ძნელია იმის გარკვევა, თუ რა ინფორმაცია დაგვიტოვა წინაპარმა, არადა, სწორედ ვიღაცისთვის, კონკრეტულად შთამომავლებისთვის, იქნებოდა განკუთვნილი ეს გზავნილი. საინტერესო ის არის, სხვაგან თუ გვაქვს მსგავსი ნივთი? საქართველოს მასშტაბით ასეთი აღმოჩენა არსადაა ფიქსირებული. სამაგიეროდ, ძვალზე ნაკვეთი მსგავსი არტეფაქტი მსოფლიოშიც მხოლოდ ერთია და ისიც ბალკანეთის სამხრეთ ნაწილში, სადაც ქართველურ ტომთა დასავლეთისკენ (იბერიის ნახევარკუნძულისკენ) გადაადგილების მარშუტი გადის.

მუზეუმის ექსპონატზე აღმოჩენილი ნახატები მსგავსებას, პირველ რიგში, თუშ-ფშავ-ხევსურეთის ზოგიერთ პიქტოგრამასთან იჩენს და, რაც მთავარია, სულ ახლახან გრაკლიანში (კასპის მუნიციპალიტეტი, ჩვ.წ. აღ-მდე XI-Xსს.) ადგილობრივი წარმოების კერამიკაზე აღმოჩენილ დეკორებთან. ეს ადასტურებს, რომ კოლხური ცულის დეკორიცა და თუშ–ფშავ-ხევსურეთის პიქტოგრამები თუ მტკვარ-არაქსის კულტურის არტეფაქტების გაფორმება უძველესი დროიდან იღებს სათავეს და მათი ავტორები სწორედ რომ ჩვენი წინაპრები – უძველესი იბერიელები არიან. შეუძლებელია არ ავღნიშნოთ, რომ მსგავს დეკორებს იყენებდნენ კაპადოკიის მონასტრების ბერებიც ხატმებრძოლობის პერიოდში (VII- VIIIს.ს.). გამოდის, ის, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დეკორია, საერთაშორისო ნომენკლატურად ქრისტიანობის ეპოქაშიც მოქმედებს… ვფიქრობთ, ეს ქართული კულტურის უძველეს საერთაშორისო ფესვებზე მიუთითებს. ამ არტეფაქტით რისი თქმა სურდა ჩვენს წინაპარს? ჯერჯერობით ამის გარკვევა მხოლოდ იმ ნივთებით შეიძლება, რაც სამაროვანში აღმოჩნდა. ეს არის მძივები (ადგილობრივი წარმოების), კოლხური ცულები. კოლხური ცულები სარიტუალო ატრიბუტად მიიჩნევა და, როგორც ფიქრობენ, ქურუმებს ატანდნენ. მძივებიც მხოლოდ დიდგვაროვანთა საფლავებშია მოპოვებული და ამ ორ ფაქტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკიანში ქურუმის სამაროვანი იყო. ძვალი კი, ალბათ, იმ ხელსაწყოებითაა დამუშავებული, რითაც ადგილობრივი ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვებით მძივებსა და სხვა სამკაულებს ქმნიდნენ (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მძივების უძველესი სახელოსნოა აღმოჩენილი). დანარჩენ კითხვებზე პასუხს კი მომავალი კვლევა გაგვცემს”.

წყარო: საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალი „დისკუსია“ 2019 N2-

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *