- ტობავარჩხილის ტბაზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ იზორია, ვიზიტორთა ჯგუფთან ერთად ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბაზე იმყოფებოდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და უხვნალექიანობის გამო, წელს სეზონის გახსნა შედარებით დაგვიანდა – უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ტბამდე მისასვლელი გზა სპეციალურ შემოწმებას მოითხოვდა.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მერმა ადგილზე დაათვალიერა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს 10-კილომეტრიანი გრუნტის გზის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რათა მოგზაურებისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს.
ინფორმაციისთვის: ზღვის დონიდან 2 500 მეტრზე მდებარე ტობავარჩხილის ტბა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. ტბისკენ მიმავალი მარშრუტი მთიანი სამეგრელოს გამორჩეულ ბუნებას – ტყეებს, მდინარეებს, ჩანჩქერებს, მღვიმეებს, მინერალურ წყლებსა და ალპურ ზონებს აერთიანებს, რაც მას ეკოტურიზმის მოყვარულთათვის უნიკალურ მიმართულებად აქცევს.

