გიორგი ცირდავა: კანიონინგი მიმზიდველი, საინტერესო სპორტია

  • გიორგი ცირდავა 2018 წლიდან ხელმძღვანელობს მუხურის კანიონერთა კლუბს “ახრა”. ჩხოროწყუელი კანიონერი დღეს ჩვენი სტუმარია და გვესაუბრება იმ საქმეზე, რომლის შესახებ შეიძლება თქვენ ჯერ არც იცით, მაგრამ აუცილებლად დაგაინტერესებთ.  

-გიორგი, გთხოვთ გაეცანით მკითხველებს და გვიამბეთ საიდან გაჩნდა იდეა კანიონერთა კლუბის ჩამოყალიბებაზე?

-ჩვენი კლუბის ჩამოყალიბების იდეა 2018 წლის აგვისტოში გაგვიჩნდა, როცა კანიონინგის ტრენინგებს გავდიოდით. მასინ გადავწყვიტეთ, ჩვენი კლუბის საშუალებით, გაგვეცნო და გაგვევითარებინა სპორტის ეს სახეობა-კანიონინგი საქართველოში.

-ძირითადად, რომელ ლოკაციებზე მუშაობთ?

 -მუხურის, წალენჯიხის, მარტვილის ტერიტორიებზე, ყველგან, სადაც შესაძლებელია კანიონიგის, როგორც ექსტრემალური სპორტის წარმართვა.

-რა ხდის თქვენს კლუბს მიმზიდველს, რას სთავაზობთ ტურისტებს?

 -ლაშქრობისა და კანიონების დათვალიერების გარდა, ტურისტებს, ვთავაზობთ ბუნებრივი თუ ისტორიული ღირშესანიშნაობების გაცნობას, სათავგადასავლო, საფეხმავლო, ველო, საცხენოსნო და სპელეო ტურებს. ვსტუმრობთ ტობავარჩხილს. ეს ადგილები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

-საინტერესოა, თქვენი პირველი კანიონური ნათლობა სად შედგა?

-მე ვცხოვრობ ჩხოროწყუს რაოინში, სოფელ მუხურში, რომელსაც ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, გააჩნია ყველანაირი ბუნებრივი რესურსი. ყველაფერი სწორედ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი კანიონინგის გადამზადებაზე, რომელიც USAID zrda-ს მიერ იქნა დაფინანსებული და ითვალისწინებდა რეგიონებში, ახალგაზრდა კვალიფიციური და სერთიფიცირებული გიდების გადამზადებას. სამეგრელოს რეგიონში 4 ადამიანი შეგვარჩიეს: მახო გეთია, ვეფხვია ფიფია, ალექსანდრე შანავა და მე. ათდღიანი გადამზადება გავიარეთ მუხურში და გამომდინარე აქედან, პირველი ჩემი კანიონინგური ნათლობა ისევ მუხურში მოხდა, გვალასშარას კანიონზე. ამ ათდღიანი სწავლების შემდეგ, USAID zrda-მა 2 ადამიანის გადამზადება გადაწყვიტა მაღალ კვალიფიკაციაზე ევროპაში, საფრანგეთსა და იტალიაში. მე და ალექსანდრე შანავამ მივირეთ CIC კანიონინგის საერთაშორისო კომისიის სერთიფიკატები, რაც ითვალისწინებს გიდ-ინსტრუქტორობას, ჩვენ უფლება გვავს, გადავამზადოთ ნებისმიერი მსურველი და გავცეთ შესაბამისი სერთიფიკატები. ერთი სიტყვით, პროფესიონალი კანიონერების სიაში ვართ..

-თქვენი ძირითადი პროფესია რა არის?

-პროფესიით ეკონომისტიც ვარ და ინჟინერ-მშენებლიც….

-ახალგაზრდებს თუ აწავლით კანიონინგს?

-ახალგაზრდების გადამზადება  დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რომელიმე ორგანიზაციამ ან რეგიონალური ტურიზმის დეპარტამენტმა უნდა დაგვაფინანსოს, თუმცა ჩემი ხარჯებითაც მყავს გადამზადებული რამდენიმე დამხმარე ადგილობრივი ახალგაზრდა გიდი.

 -რამდენად ანაზღაურებადია თქვენი საქმე?

 -ეს ექსტრემალური სპორტია, როგორც მოგეხსენებათ და მოითხოვს უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობას, რაც ძალიან ძვირი ღირს. 1 ადამიანის აღჭურვილობა დაახლოებით 4000€-ს შეადგენს და ამდენად მაღალ ანაზღაურებადი სპორტიცაა, – საშუალო სირთულის კანიონზე 1 ადამიანის გაყვანა ყველაზე ცოტა 150 ლარი ღირს და 10 ადამიანის გაყვანა შეგვიძლია ერთდროულად, სულ 12 ადამიანის აღჭურვილობა გაგვაჩნია დღესდღეობით.

-სახიფათო სპორტია კანიონინგი?

 -სახიფათო სპორტი ნამდვილად არის, მაგრამ მთავარი ჩვენი ამოცანაა უსაფრთხოების დაცვა, რომ ხიფათის გარეშე გავიაროთ ნებისმიერი კანიონი.

-რა ოცნებები და მიზნები გაქვთ სამომავლოდ?

 -ჩემი მიზანი და ოცნებაა სპორტის ამ სახეობას, მიანიჭოს სახელმწიფომ ოფიციალური სტატუსი და უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როცა ეს მოხდება, ძალიან ბევრი ადამიანი დაკავდება ამ სახეობით  და  მეტი ჯანმრთელი ადამიანები გვეყოლება საქართველოში.

– რა ასაკის ხალხია დაინტერესებული კანიონინგით?

 -ასაკი შეზღუდული არ არის, 7 წლიდან, ნებისმიერს, შეუძლია დაკავდეს ამ სპორტით.

-უცხოელ ტურისტებს თუ მასპინძლობთ?

-სამწუხაროა, რომ დღეს ადგილობრივ ტურისტებს ნაკლებად აინტერესებთ კანიონინგი, თუმცა უცხოელ ტურისტებს ვმასპინძლობთ ხშირად, თითქმის ყოველ დღე გვსტუმრობენ. ეს სეზონი მთლიანად დაჯავშნილი გვაქვს…

-მარტვილის კანიონის დალაშქვრა უფრო რთულია, თუ მუხურის კანიონის?

-მარტვილის კანიონი, გაჭედილი, ძალიან ლამაზია, მაგრამ ჰორიზონტალურია. მუხურს აქვს ვერტიკალური კანიონები და ჩანჩქერები. კანიონინგი კი, ვერტიკალურ ჩანჩქერებსა და კანიონებს მოიაზრებს და იქ თოკებით დაშვებებას ითვალისწინებს. სწორედ ეს ქმნის ძალიან დიდ ადრენალინს და ექსტრემს.

-წარმატებებს გისურვებთ.

ფიქრია სიჭინავა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *